ბადრი პატარკაციშვილის საქმე

პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობას სააკაშვილის სანქციით ამზადებდნენ

საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებით, მათ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი. ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ქარდავა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსი რევაზ შიუკაშვილი სხვა საქმეებზე იხდიან სასჯელს და მათ ბრალი წარედგინათ. პროკურატურის ინფორმაციით, "ათეულობით ჩანაწერი" 2016 წლის დეკემბერში ამოიღეს. უწყების განცხადებით, "როცა პროკურატურა მივიდა იმ სტადიაზე, რომ შესაძლებელი იყო ბრალის წარდგენა, წავუყენეთ ბრალი ამ პირებს".

სკოტლენდ იარდის გამოძიების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, პროკურატურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ისინი საუბრობენ მომზადების საქმეზე და არა დასრულებულ მკვლელობაზე.

"ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ამზადებდნენ მკვლელობას და არა იმ შედეგებზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ" - ამბობს პროკურორი.

უწყების ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში, ე.წ. "ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოაჩინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული  ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.

"კერძოდ, 2007  წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. 

რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი  ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.;  რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი  პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ  მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით  მოწამვლაზე, რაც   ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ  დათა ახალაიასთან" - აცხადებს პროკურატურა.

უწყბის მტკიცებით, დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი  პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა".

"ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის  დაცვის რამდენიმე წევრს,  მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის  სანაცვლოდ,  მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ. 

მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს პროკურატურა.

რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, უწყების ინფორმაციით, "საქართველოში მისი ექსტრადირება  ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა.  შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის  თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს".

შეგახსენებთ, რომ სკოტლენდ იარდის 10 წლის წინანდელი გამოძიების თანახმად, ბადრი პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები