არჩევნები 2018

საია: ხალხს ზურაბიშვილის შტაბიდან ურეკავენ და ეკითხებიან, იყვნენ თუ არა არჩევნებზე

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისიდან და რეგიონებიდან ატყობინებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, საია-ს დამკვირვებელმა დარეკა მოქალაქეთა მიერ მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე, რომელზეც დაუდასტურეს, რომ ნომერი სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა, თუმცა, არ თქვეს, რა იყო მოქალაქეებთან დაკავშირების მიზეზი და საიდან ფლობდნენ მათ საკონტაქტო ნომრებს.

საია-ს შეფასებით, მსგავსი ფაქტები აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და საარჩევნო უბნებზე მიყვანა. 

"საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება. ,,საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე"

საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მოქმედებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნების კონტროლზე.

ასევე, საია მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს რამდენად კანონიერად ხორციელდება ამომრჩეველთა შესახებ პერსონალური მონაცემების, მათ შორის საკონტაქტო ნომრების შეგროვება/დამუშავება.

კომენტარები