სარალიძის დაკავება

POG: სარალიძის საქმე გადავეცით რუსთავს, თბილისის პროკურატურასთან კითხვები რომ არ გაჩნდეს

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, ზაზა სარალიძის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, რათა დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ. ამის შესახებ ტაბულას მთავარ პროკურატურაში უთხრეს. 

"ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა. იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოაგდენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა." - ამბობენ უწყებაში. 

ზაზა სარალიძე რმდენიმე დღის წინ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, “რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.”

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები