იუსტიციის სამინისტრო

"სამზითვო ვეფხისტყაოსანი" - იუსტიციის სამინისტროს საჩუქარი ახალდაქორწინებულებს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ. რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "ამიერიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგიტრატორებს დახვეწილი და ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ".

უწყების ინფორმაციით, მათ აღადგინეს "უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ ვეფხისტყაოსანს − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს".

"სამზითვო ვეფხისტყაოსანი ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. ვეფხისტყაოსნის სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

კომენტარები