არჩევნები 2018

მოძრაობა "არა ნაციზმს" ამომრჩეველებს რეგიონებში თავისი ტრანსპორტით წაიყვანს

სახალხო მოძრაობა "არა ნაციზმს" ამომრჩეველების რეგიონებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის ხელმძღვანელმა, 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა უთხრა.

მეტრეველის თქმით, არაერთი ადამიანი არჩევნებზე თბილისიდან რეგიონებში გამგზავრებას ვერ ახერხებს. მათ "არა ნაციზმს" საარჩევნო უბნებზე თავად წაიყვანს. მეტრეველი ამბობს, რომ მათი მიზანია, "ხელი შეუშალონ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას". სახალხო მოძრაობამ წინასაარჩევნოდ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ია მეტრეველმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რუსთაველის გამზირზე "წინა ხელისუფლების დროს შვილმოკლული მშობლების" საგანგებო შტაბი დააარსა.

"​ვდგავართ რეალურად იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან ჯალათები, ბრუნდებიან სისხლიანი სააკაშვილი და მისი რეჟიმი", - თქვა მეტრეველმა.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ორი თვეა, რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის აქციები მიმდინარეობს. მათ რამდენჯერმე პოლციიასთან დაპირისპირებაც მოუვიდათ იმის გამო, რომ სამართალდამცველებმა საწვიმარის გაშლის უფლება არ მისცეს. ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს.

არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. ზურაბიშვილმა ვაშაძეს ხმების მხოლოდ 0.9%-ით გადაუსწრო.

მეორე ტურის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ის, მაქსიმუმ 1-2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები