ნარცისიზმი

როგორ ამოვიცნოთ პასიურ-აგრესიული ნარცისი?

მეიოს კლინიკის მკვლევრები პიროვნების ნარცისულ აშლილობას განმარტავენ, როგორც ფსიქიკურ აშლილობას, რომლის დროსაც ადამიანს საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადებული შეგრძნება და თაყვანისცემის ჭარბი მოთხოვნილება აქვს. პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ ისინი სხვებზე უპირატესები არიან და მათ ნაკლებად ადარდებთ სხვა ადამიანების გრძნობები. თუმცა, ამ ჭარბი თავდაჯერებულობის უკან მყიფე თვითშეფასება დგას, რომელიც მცირე კრიტიკის მიმართაც კი მოწყვლადია. პასიური აგრესია შეიძლება განიმარტოს როგორც ბრაზი, მტრული დამოკიდებულება ან/და დასწავლილი, შენიღბული უმწეობა, რომელიც გამოიხატება დასჯის ან უპირატესობის მოპოვების მცდელობებში.

მაშინ როცა ბევრი ნარცისი ღიადაა შეპყრობილი განდიდების მანიით, ზოგიერთი მათგანი პასიურ-აგრესიულ ტაქტიკას იყენებს, როგორც საკუთარი ეგოისტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზას, ან სასჯელს მათთვის, ვინც არ ემორჩილება მათ ახირებებს. აღსანიშნავია, რომ ყველა პასიურ-აგრესიული ინდივიდი არაა ნარცისი. პასიურ-აგრესიული ნარცისისთვის დამახასიათებელია უპირატესობის და სიამაყის შენიღბული განცდა. ისინი მიდრეკილები არიან რომ ფარულად მტრულები გახდნენ, როცა ისინი ვერ აღწევენ თავისას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არაგონივრულია ეს. თუ სამყარო მათ გარშემო არ ბრუნავს, ისინი შექმნიან სქემებს, რათა მათ გარშემო მყოფების ცხოვრება გაუარესდეს. საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ პასიურ-აგრესიულ ნარცისთან გვაქვს საქმე? ქვემოთ მოტანილია შვიდი ნიშანი კომუნიკაციის კვლევების პროფესორის, პრესტონს ნის წიგნიდან "როგორ გავუმკლავდეთ ნარცისებს" 

1) შენიღბული ვერბალური მტრულობა

მაგალითები: უარყოფითი ჭორაობა, იდეების, სიტუაციების და მოლოდინების მუდმივი კრიტიკა. ზრდასრულთან ისე მოქცევა, თითქოს ბავშვი იყოს. სხვისი განცდების და გრძნობების უგულებელყოფა.

შესაძლო განზრახვა: სხვების დამცირების გზით დომინირების და უპირატესობის განცდის მოპოვება. პასიურ-აგრესიული ნარცისი სხვებს თავს არაადეკვატურად აგრძნობინებს, რათა თავისი ნაკლოვანების განცდა შეიმსუბუქოს. ცნობიერად ან არაცნობიერად ისინი საკუთარ უბედურებას ავრცელებენ. მათ ურთიერთობები წარმოუდგენიათ, როგორც ბრძოლა ძალაუფლებისთვის ან კონტროლისთვის.

2) შენიღბული მტრული იუმორი 

მაგალითები: სარკაზმი სხვების გარეგნობის, გენდერის, სოციო-კულტურული წარმომავლობის, გადაწყვეტილებების და სოციალური ურთიერთობების მიმართ.

შესაძლო განზრახვა: ფარული ბრაზის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობის გამოხატვა. მათთვის იუმორი სხვების ჰუმანურობის და ღირსების  მარგინალიზების მცდელობაა.

3) გაკიცხვა 

მაგალითები:  საკუთარ დაუდევრობაში, უპასუხისმგებლობაში ან მარცხში სხვების დადანაშაულება. ადამიანების დადანაშაულება უუნარობაში, მისდიონ გონივრულ წესებს, სოციალურ ნორმებს და პროფესიულ საქმიანობას. 

შესაძლო განზრახვა: სიმართლის დამახინჯება. პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. ყურადღების გადატანა ნამდვილი საკითხებიდან. 

4) უსაქმურობა/საქმის გაჭიანურება

მაგალითები: სიზარმაცე, გულმავიწყობა, თანამშრომლობაზე უარის თქმა. ინფორმაციის და რესურსების გაზიარების უარყოფა. ზედმეტი ბიუროკრატია და რეგულაციები. შეთანხმებების დარღვევა. 

შესაძლო განზრახვა: პასუხისმგებლობის და ვალდებულებების არიდება. ძალაუფლების და კონტროლის შენარჩუნება. სხვების წარმატების მიზანმიმართული უარყოფა. სხვების წარმატების შური. 

5) ფარული წინააღმდეგობა

სიჯიუტე, რიგიდულობა, არაეფექტურობა, საქმის არასრულად გაკეთება ან ჩაფლავება.

შესაძლო განზრახვა: ძალაუფლებისთვის პასიური ბრძოლა. რეციპიენტის უარყოფითი ემოციებით მიღებული სიამოვნება. 

6) მიდრეკილება საბოტაჟისკენ

მაგალითები: მიზანმიმართულად ძირის გამოთხრა დავალებებისთვის, პროექტებისთვის, აქტივობებისთვის, დედლაინისთვის ან შეთანხმებებისთვის. მატერიალური ზარალის გამოწვევა, დამაზიანებელი ინფორმაციის მიზანმიმართული გამოაშკარავება. 

შესაძლო განზრახვა: ბრაზის, მტრულობის ან წყენის ფარული გამოხატვა ინდივიდის, ჯგუფის ან ორგანიზაციის მიმართ. 

შესაძლებელია, რომ პასიურ-აგრესიული ნარცისი უკეთესობისკენ შეიცვალოს? - კი. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აცნობიერებს ამას და გაივლის საკუთარი თავის აღმოჩენის რთულ პროცესს. პასიურ-აგრესიულ ნარცისებს, რომლებსაც აღარ სურთ ამ თამაშის გაგრძელება, რომელიც ნამდვილი ურთიერთობების და სარწმუნოობის ფასად უჯდებათ, შეუძლიათ საკუთარი თავის გაუმჯობესება. 

კომენტარები