არჩევნები 2018

ბუღაძე: შეჯიბრია, ვინ უფრო მეტად დააზიანებს უარჩევანო ამომრჩევლის ისედაც აგზნებულ ფსიქიკას

ამდენს ვმორალისტობთ საპრეზიდენტო კანდიდატების ფანტასმაგორიულ თუ ისტორიულად დაუდგენელ კაგებეშნიკობაზე და რეალურად, მგონი, ჩვენ თავად, სიძულვილის მფრქვეველი და სიძულვილით ნაკვები საზოგადოება გამოვდივართ პუტინის ჯაშუშები, დესტრუქციის, ამორალურობის და ზიზღის აგენტურა, რომლებიც "იდეალური საქართველოს გადარჩენის" პათეტიკით ვიზიზღებთ რეალურ საქართველოსა და ერთმანეთს, გაუგონარ სიბინძურეებს ვაფრქვევთ დაუნანებლად და რატომღაც დარწმუნებულები ვართ, რომ ვინც გვძულს, იმათზე უკეთესები ვართ.

"კაგებეს" მიზანი 90-იანი წლებიდან ესაა: დაგვხლიჩოს, აგვრიოს, ერთმანეთზე წაგვკიდოს და ქაოსში გაგვხვიოს ქვეყნიან-ხალხიანად, რაც სხვადასხვანაირად გამოუდის სხვადასხვა ეტაპზე.

ახლაც ასეა: საქართველოს სიყვარულით "ვანადგურებთ" ერთმანეთს, გეგონება, ამ ექვსწლიანი საპრეზიდენტო თანამდებობით წყდებოდეს სამიათასწლიანი ქვეყნის ბედი! არაცნობიერის ყველაზე ბნელი დემონები ამოვუშვით ყველა მიმართულებით! ღირს კი ამად ეს ან ნებისმიერი პოლიტიკური პოსტი, რომ ეთიკის ყველა სტანდარტი დავიკიდოთ ფეხებზე (მორალურ სტანდარტებზე აღარც ღირს აქცენტირება)?! ეს არჩევნები სრულ მარაზმად და პათოლოგიად იქცა ამ მხრივ - ღირებულებების კონფლიქტი კი არა, შეჯიბრია, ვინ უფრო მეტად დააზიანებს უარჩევანო ამომრჩევლის ისედაც საკმაოდ აგზნებულ ფსიქიკას! ძალაუფლების მოპოვების და შენარჩუნების ვნებით დაავადებული "ფსიქოპატების" ცირკში ვართ და არა პოლიტიკურ პროცესში

მწერალი ლაშა ბუღაძე წინასაარჩევნო კამპანიაზე.

კომენტარები