საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, მარნეულში ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი მოხდა.
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, მარნეულის 49-ე უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა სანამი ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის. საიას მიერ ამომრჩეველთა სიის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სანან ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე.
მოგვიანებით ამ ადამიანმა განმეორებით სცადა 49-ე უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საია-ს დამკვირვებლის დაინტერესების შემდეგ უბანი დატოვა.
სალაძის თქმით, საია-ს დამკვირვებელმა ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც 49-ე უბანზე ორჯერ მისცა ხმა. პირველად 11:05 საათზე, ხოლო მეორედ 14:08 საათზე. ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი, თუმცა, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი არც პირველი და არც მეორე ტურის ერთიან საარჩევნო სიაში არ იძებნება.
ასევე, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ისევ 49-ე უბანზე 5 პირს, რომლებსაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ, მაგრამ საია-ს დამკვირვებლის საჩივრის შემდეგ მათ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს.
ამ დრომდე გამოვლენილი დარღვევების გამო საია მოითხოვს მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას და შედეგების ბათილობას. ამ უბანზე რეგისტრირებულია 1552 ამომრჩეველი.
საია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე.