არჩევნები 2018

"ლექსებს ვწერთ", "მეუღლემ მაჩუქა", "ვალების ბლოკნოტია" - აგიტატორები მხარდამჭერთა სიებზე

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, სხვა არჩევნების მსგავსად, უბნებთან პარტიული აქტივისტები არიან მობილიზებულები. არასამთავრობო ორგანიზაციები დილიდან საუბრობენ იმაზე, რომ ქართული ოცნების ე.წ კოორდინატორები საკუთარ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ზოგი პარტიული აგიტატორი არც მალავს, რომ ქართული ოცნებისთვის მუშაობს და ამისთვის მმართველი პარტიისგან ანაზღაურებას იღებს, ზოგი კი, "უცნაურ მიზეზს" ასახელებს იმაზე თუ საიდან აქვს მხარდამჭერთა სიები ან რას აკეთებს საარჩევნო უბანთან.

კითხვაზე, "რას აკეთებენ საარჩევნო უბნებთან, ე.წ კოორდინატორთა ნაწილი ამბობს, რომ მათ ხელში არა სიები, არამედ "ნოემბრის და დეკემბრის ვალების" ბლოკნოტი უჭირავთ.

"აჰა, წერია, მივეცი ვალი, მივეცი ვალი, ამის მაღაზია, იმის მაღაზია"- ამბობს ერთერთი აგიტატორი ვიდეოში, რომელიც კურიერის "ონლაინ სტუდიას" მიაწოდეს.

კიდევ ერთი ე.წ კოორდინატორი ამბობს, რომ არ იცის, რა სიებია და მანქანაში ნახა.

"აგერ იყო მანქანაში და... ვერ გეტყვით, ვინ ჩადო... არც ერთი პარტიის არა ვარ მე, ისე ვარ მოსული" - ამბობს ქალი, რომელსაც ხელში ამომრჩეველთა სიები ეჭირა.

ქართული ოცნების კიდევ ერთი აგიტატორის თქმით, სიები "სახლში მაჩუქა ჩემმა მეუღლემ", შემდეგ კი აღნიშნავს, რომ სიებით უბანთან ყოფნა კანონდარღვევა არ არის.

გარდა ამისა, სანზონაში, რამდენიმე საარჩევნო უბნებთან ე.წ ძველი ბიჭები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ელოდებიან გოგოს, რომელსაც სერენადა უნდა უმღერონ.

"რა ჩართული, არჩევნები არის და ჩვენ ვართ უბანში, ისედაც აქ ვართ, ხვალ რომ მოხვიდეთ ხვალაც აქ ვიქნებით.. ან აქ, ან იქ, ვაბირჟავებთ, საარჩევნო უბნამდე ინსტიტუტია.. ერთი გოგო მოგვწონს, დღეს გვეგონა, რომ იქნებოდა, მაგრამ არ დაგხვდა" - უთხრა მანქანაში მჯდომმა ახალგაზრდა კაცმა რუსთავი 2-.ს

"გოგოს ველოდებით, სერენადა უნდა ვუმღეროთ, გიტარა გვაქვს... ქართული სიმღერა რამდენხმიანი არის? ერთმა არ იცის სიმღერა, ვინც ელოდება, დანარჩენი მომღერლები არიან" - გამარტავს კიდევ ერთი ახალგაზრდა.

სხვა აგიტატორის თქმით კი, მათ ფურცლებზე ამომრჩეველთა გვარები კი არა, ლექსები უწერიათ.

"რატომ იხედები სხვის საკუთრებაში. ვქეიფობთ, ვსვამთ, ლექსებს ვწერთ. რას აღირცხავენ, არ ვიცი" - ამბობს მამაკაცი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ნახევარ საათში დასრულდება.

კომენტარები