არჩევნები 2018

სერვისების სააგენტო: ენმ-ის წევრის გავრცელებული პირადობები წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა

Kakha Askurava/fb.com

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის სოსო გიორგაძის მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას გავრცელებული პირადობის მოწმობები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაუქმდა მფლობელთა გარდაცვალების გამო.

"კახა ასკურავამ მორიგი ტყუილი გაავრცელა - მან გამოაქვეყნა 17 პირადობის მოწმობის ფოტო, რომლებიც მისივე მტკიცებით, ლანჩხუთში იპოვა გადაყრილი და როგორც თავად ამტკიცებს, არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს. სერვისების განვითარების სააგენტომ დაუყოვნებლივ  გადაამოწმა ფოტოზე ასახული ადამიანების პირადი მონაცემები, ყველა ის პირი გარდაცვლილია 2008-2010 წელს. შესაბამისად, ამ მოქალაქეთა მონაცემები არც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაშია აქტიური და ცხადია, ვერ მოხვდებოდნენ ვერც ამომრჩეველთა ერთიან სიაში. შესაბამისად, ეს დოკუმენტები დაბეჭდილია ყველა 2010 წლამდე, მინდა განვმარტო, გარდაცვალების ფაქტის დადასტურებისთანავე, პირს უუქმდება ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი და ეს დოკუმენტი ხდება ჩვეულებრივი ქაღალდი, მისი გამოყენება რამე სამართლებრივი მიზნებისთვის წარმოუდგენელია. 

მე ჩვენი სიმართლის მტკიცებით არ დავიღლები არასდროს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რამდენჯერაც მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, იმდენჯერ მტკიცდება, რამდენად მატყუარები და ცრუები ხართ და რამდენად საშინელ ბრალდებებს კადრულობთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ" - განაცხადა სოსო გიორგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები იპოვა, კახა ასკურავამ დღეს გაავრცელა.

კომენტარები