იუსტიციის უმაღლესი საბჭო

დოლიძე: კობახიძის მიქაუტაძესთან შეხვედრა კლანის მხარდაჭერად აღიქმება, რაც მიუღებელია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჩვენ ამ კვირას მოვიგეთ ძალიან დიდი ბრძოლა. ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საფრთხე - ამის შესახებ იუსტიციის არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ თქვა. 

იუსტიციის არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს. 

"სასამართლო კლანს ჰქონდა სასამართლო ხელისუფლების საბოლოო მიტაცების მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენ გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისათვის ჩვენ გვინდა ყველას, ვინც ნებისმიერი ფორმით ხმა ამოიღო, ამ საკითხთან დაკავშირებით, მადლობა გადაგიხადოთ",- აღნიშნა დოლიძემ 

ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის გუშინდელ შეხვედრაზეც ისაუბრა და ის კობახიძის მიერ კლანის მხარდაჭერად შეაფასა.

"ამ ბრძოლის ფონზე, ჩვენ გუშინ ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს შეხვედრა აღიქმება, როგორც თავჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია", -ამბობს დოლიძე. 

პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გუშინ შეხვდა.

კობახიძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია იყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

 

კომენტარები