გდანსკი

"შეწყდეს სიძულვილი" - პოლონეთში გდანსკის მერის მკვლელობის შემდეგ აქციები გაიმართა

"შეწყდეს სიძულვილი და აგრესია" - ამ გზავნილით პოლონეთში გდანსკის მერის მკვლელობის გამო აქციები გაიმართა. ათეულ ათასობით ადამიანმა დაგმო ძალადობა და 53 წლის პაველ ადამოვიჩის ხსოვნას პატივი მიაგო. მასშტაბური მარში გდანსკის ცენტრში მდუმარე აქციით დასრულდა.

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი 13 იანვარს, საქველმოქმედო პროექტის დასკვნით კონცერტზე მძიმედ დაჭრეს. ის 14 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. პაველ ადამოვიჩს თავს ასობით ადამიანის თვალწინ დაესხნენ. გდანსკის მერი საქველმოქმედო პროექტის - "საშობაო დახმარების დიდი ოსკესტრი" დასკვნით კონცერტზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც დანით შეიარაღებული პირი სცენაზე ავიდა და მას გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.

27 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავეს. ის ყვიროდა, რომ უკანონოდ დააპატიმრეს წინა ხელისუფლების დროს, რომელიც მხარს უჭერდა ადამოვიჩის არჩევას. "პაველი მოკვდა" - ყვიროდა თავდამსხმელი. პოლიციის ინფორმაციით, მან მედიის აკრედიტაცია გამოიყენა იმისთვის, რომ სცენასთან ახლოს ყოფილიყო. 

აღსანიშნავია, რომ უკვე 27 წელია, პოლონეთში ყოველი წლის იანვარის ერთ-ერთ კვირას იმართება აქცია "საშობაო დახმარების დიდი ორკესტრი" (Wielka Orkiestra Świątecznej Pomocy - WOŚP). მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება საქველმოქმედო კონცერტები, აუქციონები და მარათონები. ცნობილი ადამიანები ყიდიან თავიანთ პირად ნივთებსა და ნამუშევრებს აუქციონებზე. უამრავი ადამიანი (მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც) ქუჩაში წითელ გულებს ყიდის. ეს შემოსავალი მთლიანად პოლონეთის ჯანდაცვის ფონდში შედის. 2019 წლის საქველმოქმედო აქციაზე 100 მილიონი ზლოტი (დაახლოებით 25 მილიონი ევრო) შეგროვდა.

საქველმოქმედო პროექტი 1993 წელს მოქალაქე იურეკ ოვშიაკმა დაიწყო. გდანსკის მერის გარდაცვალების შემდეგ, მან უარი თქვა WOŚP-ის პრეზიდენტობაზე.

53 წლის პაველ ადამოვიჩი 1998 წლიდან გდანსკის მერი იყო. ის ქალაქის პირველ პირად ექვსჯერ აირჩიეს. პაველ ადამოვიჩი ცნობილი იყო თავისი ლიბერალური შეხედულებებით.

კომენტარები