ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს. კარგი შეფასება აქვთ ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს (იგივე თეატრალური) და სამედიცინო უნივერსიტეტს.
თავისუფალმა უნივერსიტეტმა 7-ვე საერთაშორისო სტანდარტი სრულად დააკმაყოფილა, დანარჩენმა სამმა კი 6 სრულად და 1 მეტწილად.
იმისთვის, რომ უნივერსიტეტებმა ავტორიზაცია მიიღონ, ანუ ფუნქციონირება გააგრძელონ, ისინი 7 სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ. სტანდარტების რაოდენობა 2017 წელს გაიზარდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა საერთაშორისო მოთხოვნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ავტორიზაცია გავლილი უნივერსიტეტის განათლებას მსოფლიოს უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს.
ამ ახალი სტანდარტებით 2018 წელს ავტორიზაციის გავლა 24-მა უნივერსიტეტმა შეძლო. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სასწავლებლები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. საქმე იმაშია, რომ ყველა უნივერსიტეტის შემოწმება ერთ წელიწადში არ ხდება, არსებობს გაწერილი განრიგი, რომლის მიხედვითაც სწავლობს დაწესებულებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
საქართველოში უმაღლესი განათლების დონეზე პასუხისმგებელი სწორედ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრია. ეს უწყება პერიოდულად ამოწმებს სხვადასხვა უნივერსიტეტს და შედეგების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისცეს ავტორიზაცია თუ არა.
ავტორიზაციის გასავლელად უნივერსიტეტი 7 საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მოწმდება. ესენია:
- მისია და სტრატეგიული განვითარება;
- ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
- საგანმანათლებლო პროგრამები;
- პერსონალი;
- სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები;
- კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა;
- მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.
ამ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის მიხედვით უნივერსიტეტს უწერენ 4 შეფასებიდან ერთ-ერთს: შესაბამისობაშია მოთხოვნებთან, მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან, ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან, არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან.
- თუ ჩამოთვლილი 7 სტანდარტიდან სასწავლო დაწესებულებას ერთში მაინც აქვს შეფასება - "არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან", ის ავტორიზაციას ვერ გაივლის.
- თუ დაწესებულებას 7-ვე სტანდარტში აქვს შეფასება - "შესაბამისობაშია მოთხოვნებთან" ან 7-დან 6 "შესაბამისობაშია მოთხოვნებთან" და მხოლოდ ერთი "მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან", ის ე.წ. უპირობო ავტორიზაციას იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 წლის განმავლობაში მას აღარ შეამოწმებენ. 2018 წელს ასეთი ავტორიზაცია 4-მა უნივერსიტეტმა მიიღო - თავისუფალი უნივერსიტეტი, თეატრალური, ილიაუნი და სამედიცინო უნივერსიტეტი.
- თუ დაწესებულებას შეუსაბამობა არ აქვს და სხვადასხვა სტანდარტს სხვადასხვაგვარად აკმაყოფილებს, მას ეძლევა ავტორიზაცია, ოღონდ სხვადასხვა პირობით. ეს პირობები შეიძლება იყოს - რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა ერთი წლის შემდეგ, ხელახალი შემოწმება ორი წლის შემდეგ ან სტუდენტების მიღების შეზღუდვა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ აფასებს უნივერსიტეტებს - ეს არის ექსპერტთა ჯგუფი. რამდენიმე ადამიანი კონკრეტულ დროს მიდის კონკრეტულ დაწესებულებაში და ამოწმებს მის შესაბამისობას შვიდ საერთაშორისო სტანდარტთან. აღსანიშნავია, რომ მოწმდება შესაბამისობა არა საერთო მოთხოვნებთან, არამედ თავად უნივერსიტეტის მისიასა და მიზნებთან. შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილებები უნივერსიტეტების რეიტინგებს არ ადგენს.
ამის შემდეგ, ექსპერტები ამზადებენ დასკვნას, თუმცა ის საბოლოო არ არის. დოკუმენტი განსახილველად გადის ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, სადაც ექსპერტების შეფასება შეიძლება შეიცვალოს. ამ სხდომას ესწრებიან როგორც ექსპერტები, ასევე, განათლების ხარისხის ცენტრის და თავად უნივერსიტეტების წარმომადგენლები. შესაძლებელია, სასწავლებელი ექსპერტების შეფასებას არ ეთანხმებოდეს, ამიტომ ეს საკითხი საბჭოზე განიხილება. შედეგად, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გაიზიაროს ეს მოსაზრება თუ სრულად დაეთანხმოს ექსპერტებს. მაგალითად, ასე მოხდა სამედიცინო უნივერსიტეტის შემთხვევაში - მან ოთხ სტანდარტში მიიღო შეფასება "შესაბამისობაშია მოთხოვნებთან", ხოლო სამში "მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან". საბჭოს სხდომაზე ეს შეფასება შეიცვალა და უნივერსიტეტს მხოლოდ ერთ სტანდარტთან მიმართებაში დარჩა შეფასება "მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან". ამიტომ, თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიაუნის და თეატრალურის მსგავსად, სამედიცინომაც ე.წ. უპირობო ავტორიზაცია მიიღო.
2019, 2020 და 2021 წლებში ავტორიზაციის გავლა 39 უმაღლეს სასწავლებელს უწევს. თარიღი აითვლება იმის მიხედვით, ვის როდის გასდის ავტორიზაციის ვადა - ანუ, ყოველ წელს მოწმდება ის უნივერსიტეტები, ვისაც იმ წელს გასდის ავტორიზაციის ვადა.
გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების საბოლოო შეფასებებს, რომლებმაც ავტორიზაცია 2018 წელს გაიარეს. წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი