ხანძარი

ბანგლადეშის დედაქალაქში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

AFP

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას ისტორიულ უბანში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რომლის ერთ-ერთ სართულზე აალებად ნივთიერებებს ინახავდნენ. ის მალევე მოედო მიმდებარე შენობებს.

საუკუნის წინ დაარსებულ უბანში ვიწრო ქუჩებია და საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან ახლოსაა აშენებული, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო.

დაიწვა სამი შენობა. ცეცხლი ქუჩაში გაჩერებულ მანქანებსაც გადაედო. დაღუპულებს შორის არიან გამვლელები და ერთ-ერთ შენობაში მდებარე რესტორანში ქორწილის სტუმრები.

ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლთან ბრძოლა წყლის რესურსების სიმწირის გამო გაურთულდათ. ბანგლადეშში შენობების უსაფრთხოება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 2013 წელს დაკაში საცხოვებელი კორპუსის ჩამონრევას 1,100 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები