კრიმინალი

შსს: ოქროსა და ბიჟუტერიის ქურდობისთვის ბრალდებულის სახლიდან კალაშნიკოვის ავტომატი ამოვიღეთ

tvfree.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

უწყების თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ა. ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, საიდანაც 500 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა ე.ა.-ს საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ასევე, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 21 ცალი საბრძოლო ვაზნა და ორი ცალი ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები