მარიხუანაზე მძღოლების გადამოწმება

გირჩი: ყველაფერს ვიზამთ, რომ ღამით მეგობრებთან ერთად კანაფის მოხმარებისთვის არავინ დაიჭირონ

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და არც ერთი ადამიანი არ მოხვდეს ციხეში იმის გამო, რომ ღამით, მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარა," - პოლიტიკური პარტია გირჩი სისხლის სამართლის კოდექსში შესულ იმ ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ზემოქმედების ქვეშ მართვა ისჯება ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით.

გირჩი მოუწოდებს შსს-ს, არ მოახდინოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის აღსრულება კანაფთან მიმართებაში, ასევე მოუწოდებენ პარლამენტს შეცვალონ კანონდებლობა კანაფთან მიმართებაში და გამოიყენოს ალკოჰოლთან მიმართებაში არსებულის იდენტური მიდგომები.

ცნობილია, რომ პირველი აპრილიდან მძღოლებს სპეციალური ტესტებით გადაამოწმებენ, რომელიც ადგენს ადამიანის ნერწყვში ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობას და იმას მოხმარებული აქვს თუ არა ადამიანს კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში.

"ეს ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ამ ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც, სხვადასხვა რეგულარობით, მოიხმარენ კანაფს ღამის საათებში (ეს ქმედება უკვე რამდენიმე თვეა ლეგალურია ამ ქვეყანაში) და დილით საკუთარი ავტომობილით მიემართებიან სამსახურისკენ, სახელმწიფოს მიერ ცხადდება კრიმინალად და თითოეულ მათგანს ემუქრება 1 წლიანი საპატიმრო სასჯელი. ციხე! ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენც, გირჩის წევრებს და ჩვენი აზრით სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება ჩვენნაირი ადამიანებისადმი არის გაუაზრებელი, არაადამიანური, ამორალური, არამეცნიერული და ძალიან საშიში," - წერია გირჩის განცხადებაში.

გირჩი კანადელი მკვლევარების მიერ კანადის სენატისათვის მომზადებულ სპეციალურ კვლევაზე მიუთითებს, რომელიც შეისწავლის ლეგალიზაციის ეფექტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, მათ შორის ლეგალიზაციის გავლენას ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვზე და ადგენს, რომ კანაფის ლეგალიზაცია არ ახდენს რაიმე სერიოზული მნიშვნელობის გავლენას ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვზე.

"ამ კვლევის თანახმად:

ა) კანაფის ლეგალიზაცია არ ახდენს რაიმე სერიოზული მნიშვნელობის გავლენას ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვზე

ბ) ალკოჰოლისგან განსხვავებით, კანაფის მოხმარების შემთხვევაში არ დგინდება ცალსახა კავშირი ორგანიზმში ტეტრაჰიდროკანაბინოლის დონესა და ავტოტრანსპორტის მართვის უნარის გაუარესებას შორის

გ) აშშ-ს გამოცდილებამ აჩვენა, რომ კანაფის ლეგალიზაციის შემდეგ იკლო ალკოჰოლით გამოწვეულმა საგზაო ინციდენტებმა, რომლებიც ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა

დ) უნდა ველოდოთ, რომ რეკრეაციული კანაფით ალკოჰოლის ჩანაცვლება შეამცირებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტოტრანსპორტის მართვის სიხშირეს, რაც მისასალმებელია

ე) ავტოტრანსპორტის მართვა ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ შეიცავს რისკებს, თუმცა რისკები გაცილებით მაღალია ალკოჰოლური თრობის დროს, ვიდრე კანაფის მოხმარების შემთხვევაში.

მსგავსი შინაარსის კვლევები, თითქმის იდენტური შედეგებით კიდევ არსებობს," - წერია გირჩის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, "ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე."

შსს-ს ინფორმაციით, ასევე პირველი აპრილიდან სამართალდამცავებს ექნებათ ნარკოტესტერები რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს. გადამოწმების შემდეგ დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმდება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში და ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კომენტარები