ფსიქიატიული დაწესებულებები

მოძრაობა ცვლილებებისთვის: ფსიქიკური პრობლემების მქონეთა უფლებები კითხვის ნიშნის ქვეშაა

ლიბერალი

კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის", რომელიც შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციებს აერთიანებს, პრემიერმინისტრს მიმართავს. 

ისინი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან იმის შესახებ, რომ ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 2 ადამიანი დაიღუპა და ამის მიზეზი მედპერსონალის არასათანადო მოპყრობა გახდა. 

კოალიცია აღნიშნავს, რომ "ეს ფაქტები და მასზე სახელმწიფო უწყებების რეაგირება კიდევ ერთხელ ცხადად გვაჩვენებს, რომ საქართველოში ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების სიცოცხლის, ადამიანური მოპყრობის, ადეკვატური მკურნალობის და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცულობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას". 

"ღირსების მქონე ყველა ქვეყანა ცდილობს უზრუნველყოს ეს უფლება. ჩვენ კი შეუპოვარი ბრძოლა გვიწევს მისი მოპოვებისათვის. 

ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა დიდი ხნის წინ წამოვიწყეთ. ეს მენტალური (ინტელექტუალური და ფსიქიკური) დარღვევების მქონე ადამიანებისთვის სპეციალურად შექმნილი, საბჭოთა მემკვიდრეობის დანატოვარის, ე.წ ზრუნვის, ცხოვრებისა და იზოლირების ადგილის, ინსტიტუციების ალტერნატიული სერვისების განვითარებას ეხება, კონკრეტულად კი საოჯახო ტიპის საცხოვრისების მომსახურებას. ვფიქრობდით, რომ ამ სერვისის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, სათემო სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების განვითარებასთან ერთად, ბუნებრივად დააჩქარებდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან გამოკეტილნი ფსიქტრიულ კლინიკებში, ერთ დღესაც დატოვებდნენ იზოლირებიის ადგილს და დაბრუნდებოდნენ საზოგადოებაში და ღირსეულად ცხოვრებას შეძლებდნენ. 

ჩვენ მუდმივად გვარწმუნებენ, რომ ინსტიტუციებში (პანსიონატებსა თუ სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ კლინიკებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ), ფიზიკური ძალადობა არ ხდება და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს დრო სჭირდება და მოგვეცადა. მაგრამ ქალაქ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევებმა, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილი ამ ბოლო პერიოდში გახდა, ჩვენი შიში გაამართლა და გააასმაგა - ამ შემთხვევებს ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე! ეს გარდაცვალება მათი ოჯახის წევრებივით გვეტკინა და გაგვამწარა.

ეს ორი ადამიანი, მსგავსად 730 ადამიანისა ცხოვრობდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში. კერძოდ კი იმ 448 ადამიანის გვერდით, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკებშია იზოლირებულნი. ეს ორი ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში, უამრავი ტრავმებით გარდაიცვალა. რა ელოდება დანარჩენს? კიდევ რამდენი შვილი უნდა შეეწიროს მახინჯ სისტემას?

შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა უფლებების გაეროს 2006 წლის კონვენცია, რომლის რატიფიკაცია ქვეყანამ 2013 წელს მოახდინა და ამით მისი შესრულების ვალდებულება აიღო, მოიცავს 19-ე მუხლს, რომელიც გულისხმობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას და სახელმწიფოს ვალდებულებებს უზრუნველყოს აღნიშნული უფლების რეალიზება. 

2018 წლის ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის 19.1.5.1. და 19.1.7.1. პუნქტებით (ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავება) 2019 წელს გათვალისწინებულია დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში მცხოვრები შშმ პირების შეფასება, ინსტიტუციაში ჩარიცხვის პრევენცია და დიდი ინსტიტუციებიდან მათი გაყვანა. რა გაკეთდა ამ მიმართულებით? 

დღეს ჩვენს განცხადებაში კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ამიტომ მოვითხოვთ, რომ: 

  1. საგამოძიებო ორგანოებმა ჩაატარონ შემთხვევის ობიექტური და დამაჯერებელი გამოძიება და დაისაჯონ შემთხვევაში დამნაშავე პირები;
  2. მოვითხოვთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პაციენტების, უფლებადამცველებისა და პროფესიონალების მონაწილეობით დაუყოვნებლივ დასახოს:

    - მოკლევადიანი ღონისძიებები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესების კუთხით;

    - დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ფსიქიატრიულ პაციენტთა, განსაკუთრებით კი ე.წ. "ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტთა" უფლებების ადეკვატური სამედიცინო და სოციალური მომსახურებები.
  3. მოვითხოვთ, რომ შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, იმუშავებს დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე, ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არცერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე; 
  4. შემუშავდეს ჭიშკრის დარაჯობის მექნიზმები, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში. 

კომენტარები