სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ბრექსიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსია

დარო სულაკაური/Bloomberg

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

“ჩვენ ამ სიტუაციიდან მაქსიმალურის მიღება გვსურს… არის ლოგიკა იმაში, რომ ქვეყანას, რომელიც სტაბილურად მიიწევს ევროპისკენ, არ შეიძლება იმაზე ნაკლებად მოექცნენ, ვიდრე ქვეყნას, რომელიც ევროპას ტოვებს,” - თქვა პრეზიდენტმა Bloomberg-თან საუბრისას.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ განსხვავდება მისი წინამორბედებისგან, რადგან “ევროპელია” და “ალბათ, ევროპელ ლიდერებთან სხვანაირად საუბრობს”.

ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ სამხედრო თვალსაზრისით საქართველო სრულიად მზად არის - “თუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მივიღებთ, ყველამ იცის, რომ ორ თვეში მზად ვიქნებით.“ ზურაბიშვილის თქმით, რუსული სამხედრო ძალების ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფება არ შეცვლილა - “თუ ეს იყო რუსეთის მიზანი, დიდი მარცხი განუცდია.”

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის პუტინთან შეხვედრას არ აპირებს - “თუ ცვლილების ნათელი ნიშნები არ ჩანს, შენ არ შედიხარ ფორმალურ თუ არაფორმალურ დიალოგში ქვეყნასთან, რომელიც შენი ქვეყნის 20%-ს იკავებს.”

Bloomberg-მა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს ქვეყნის მილიარდერი და მმართველი პარტია ქართული ოცნების დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი უჭერდა მხარს.

ზურაბიშვილის თქმით, ზაფხულში საქართველოში დაგეგმილი კონფერენცია, რომელშიც ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, ბრწყინვალე შანსი იქნება ქვეყნის მიმართულების ხედვების წარსადგენად.

“მნიშვნელოვანი კრიზისების დროს ევროპა მუდმივად განიცდიდა პროგრესს… რა შედეგამდეც არ უნდა მივიდეთ, შესავსები ადგილი თავისუფალია” - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

კომენტარები