პარლამენტი

სამადაშვილი: ივანიშვილმა ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა NGO-ების წინააღმდეგ

სალომე სამადაშვილი
პარლამენტი

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საკმარისი არ არის ოპოზიციური პარტიების დევნა და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. 

"ოპოზიციური პარტიების შევიწროება და მათზე ზეწოლა, როგორც ჩანს აღარ არის საკმარისი ივანიშვილისთვის და ახლა უკვე მან ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ბატონი ივანიშვილი გამოდის ტელევიზორში და აცხადებს, რომელი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი არის მისთვის მიუღებელი და ამას თან მოსდევს ორკესტრირებული თავდასხმა ამ ადამიანებზე ინტერნეტში. როდესაც კოორდინირებულად ტროლები გესხმიან თავს, ეს არის ექვივალენტი ფაქტობრივად ფიზიკური თავდასხმის. თუმცა, თქვენი ხელისუფლება ფიზიკურ თავდასხმასაც არ იძიებს ადამიანებზე და რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ინტერნეტთავდასხმის გამოძიებას აპირებს და მუქარის წერილების გამოძიებას, რომელსაც ის ადამიანები იღებენ, ვისაც თქვენი პოლიტიკური მმართველი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს ტელევიზიიდან, როგორც მის პირად მტერს და მიუღებელ ადამიანს", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

მან ასევე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს, რომელის წარსულში არასამთავრობო ორგანიზაციას, საია-ს ხელმძღვანელობდა. 

"ამიტომ, ქალბატონო თამარ, რადგანაც არასამთავრობო სექტორიდან ხელისუფლებაში გადაინაცვლეთ, განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ ამ კოორდინირებულ თავდასხმებზე თქვენს ყოფილ კოლეგებზე და რას ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენ და თქვენი კოლეგები დადიხართ და დასავლეთში შესაბამის ორგანიზაციებს და დონორებს მოუწოდებთ, რომ გარკვეული ორგანიზაციები თურმე არ უნდა დაფინანსდნენ იმიტომ, რომ ზედმეტ პრობლემებს უქმნიან თქვენს ხელისუფლებას. ეს არის თქვენი რეალური სახე და არა ის, რაც ხდებოდა სტრასბურგში, სადაც რაღაც სპექტაკლი დადგით. ძალიან მალე მიიღებთ ამაზე პასუხს, ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობისგან და არა მხოლოდ ქართველი ხალხისგან", - თქვა სამადაშვილმა. 

კომენტარები