ეკონომიკის მინისტრი

თურნავა: გვაქვს დავალებები, საქმეები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემდამი ნდობა გავამართლო

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეს ის უწყებაა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარდგენისას ისაუბრა. 

"ეს არის სამინისტრო, სადაც მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, გვაქვს კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემდამი გამოცხადებული მაღალი ნდობა გავამართლო," - თქვა თურნავამ.

პრემიერმა კი თქვა, რომ დარწმუნებულია, ახალი მინისტრი აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

"ნათია თურნავასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავსდაკისრებულ მოვალეობას,“ - თქვა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამის ბრძანებას პრემიერმა ხელი 18 აპრილს მოაწერა.

 

კომენტარები