საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ სისტემურ ფიზიკურ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ა. 2018 წლის 3 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარ ქალს, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. თ.ა.-ს მიერ განხორციელებული სისტემური ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებული 2018 წლის 2 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ სისტემური ძალადობის, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მუხლებით წარედგინა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 მუხლის 2 ნაწილი; 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, 111-115 მუხლის პირველი ნაწილი და 111-151 მუხლის პირველი ნაწილი).
თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.