გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარზე მეტ ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ჯუჯა მცენარეები.
უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 80 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
"მთის კლდოვან ნაწილზე ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
გუდამაყრის ხეობაში ხანძარი გუშინ, 25 აპრილს, საღამოს გაჩნდა.