საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში არსებულ კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციებს აერთიანებს. სამინისტრო სიახლეს "მართვის გაუმჯობესების მიზნით" ხსნის.
ცვლილებების შედეგად:
- სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
- საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთიანდებიან სსიპ-ები - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;
- სსიპ - „მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი“ შეუერთდება სსიპ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს
- "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და "მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ "ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება. ფონდის საქმიანობის საგანი იქნება: ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა;
- სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.