სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ჩრდილოელი მეზობლის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, არ შევცვალეთ ევროპული გეზი

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ევროპის გზას ირჩევენ და ეს არჩეულ გზა წლიდან წლამდე უცვლელი რჩება, მიუხედავად ჩრდილოელი მეზობლის მცდელობისა, ხელი შეუშალოს საქართველოს დასავლეთისკენ სვლას. 

პრეზიდენტმა ეს დღეს ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

"15 წლის წინ, როცა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩამოვედი, არ მეგონა, რომ ასე სწარაფად გავივლიდით ამ გზას. ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წელში მეზობლობის პროგრამიდან პარტნიორობაზე გადავედით, პარტნიორობიდან - ასოცირებაზე, ასოცირებამ მოგვიტანა სვლა ევროპაში, ევროპასთან ღია და თავისუფალი ვაჭრობა. ეს ჩვენი მიღწევაა და სხვა არავისი. 

ჩვენ ეს შევძელით, რადგან ჩვენი მოსახლეობა და ხელისუფლება თვლიდა, რომ სხვა ალტერნატივა და სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია. ასევე თვლის საქართველოს მოსახლეობა, რომელიც წლიდან წლამდე არ ცვლის განწყობას ევროპისკენ და 70-80%-ით ადასტურებს, რომ მისი გზა არის ევროპული გზა. ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომ შევძელით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის და მის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, არ შეგვეცვალა ის გეზი და ალბათ ყველაფრის მიზეზი და მოტივაცია ამ მეზობლისთვის იყო სწორედ ეს, რომ რამენაირად შეეცვლევინებინა საქართველოსთვის მის მიერ არჩეული გზა და ის, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით, ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა. ამ გზაზე ჩვენ წინ მივდივართ. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ არის გადასადგმელი. ევროპას თვითონ აქვს სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი, რომ გამოვიდეს დღევანდელი, დავარქვათ, კრიზისიდან. აგრამ ევროპა იმითია ძლიერი, რომ წინ მიდის, როცა კრიზისებს ლახავს. როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროპის და ევროკავშირის ქვეყნების მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ არ ყოფილა ომი მის ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი მისწრაფება, ის, რაც ჩვენ გვინდა. მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, რაშიც გვეხმარებიან, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა წარსულში არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი. 2018 წლის 6 აგვისტოს მან თქვა, რომ " საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების".

2018 წლის 17 სექტემბერს, თავისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე თქვა:

"მე როცა ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე. არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. სიტყვებს აქვს თავისი მნიშვნელობა. ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული"

სალომე ზურაბიშვილმა ასევე რამდენჯერმე სხვადასხვა დროს თქვა, რომ "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს აქვს" და რომ "რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა"

კომენტარები