რუსეთი

რუსული პროპაგანდისტული მედია 5G ტექნოლოგიას "სასიკვდილო საფრთხედ" აცხადებს

GETTY IMAGES

რუსული პროპაგანდისტული მედია მოსახლეობას 5G ტექნოლოგიის “საფრთხეების” შესახებ აქტიურად აფრთხილებს და მას ჯანმრთელობისთვის საფრთხის მომტანად წარმოაჩენს. ეს მაშინ, როდესაც თავად ვლადიმირ პუტინი მოსახლეობას მეხუთე თაობის სწრაფი ინტერნეტის დანერგვის აუცილებლობაზე ესაუბრება. ექსპერტების აზრით, ამ დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი ტექნოლოგიურად რუსეთზე განვითარებული ქვეყნების დისკრედიტაციაა.

5G ტექნოლოგიის "მომაკვდინებელი" საფრთხის შესახებ ცნობების გავრცელებაში განსაკუთრებით რუსეთის სახელმწიფო დაქვემდებარებაში მოქმედი საერთაშორისო პროპაგანდისტული მედია Russia Today აქტიურობს.

ხსენებულმა მედიამ ჯამში შვიდი გამაფრთხილებელი სიუჟეტი გააკეთა, სადაც 5G ტექნოლოგიას შემდეგნაირად ახასიათებენ - "5G აპოკალიფსი"; "საშიში ექსპერიმენტი კაცობრიობაზე"; "5G-მ შესაძლოა, მოგკლათ" და ა.შ.

The New York Times წერს, რომ რუსული სახელმწიფო მედიის ქმედებას, დიდი ალბათობით, გეოპოლიტიკური მიზეზი აქვს. ტექნოლოგიური ფირმის New Knowledge წარმომადგენლის რაიან ფოქსის შეფასებით, ეს "ეკონომიკური ომია". "რუსეთს არ აქვს 5G-ის მიმართულებით კარგი პერსპექტივა, ამიტომ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობენ" - ამბობს ის.

გასული თვის ერთერთ სიუჟეტში RT ირწმუნებოდა, რომ 5G ბავშვებში ცხვირიდან სისხლდენას, სწავლის დაქვეითებასა და სიმსივნეს იწვევს. დეზინფორმაცია ტელევიზიით, Facebook-ითა და YouTube-ით გავრცელდა. სიუჟეტი ასობით ბლოგერმა და ვებგვერდმა გააზიარა.

"ამან შეიძლება მოგკლათ. რამდენიმე დღის წინ მეცნიერები, ექიმები, გარემოსდამცველები შეიკრიბნენ და 5G ტექნოლოგიების განვითარების სასწრაფო შეჩერება მოითხოვეს. მათ თქვეს, რომ დადასტურებულია საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს კაცობრიობაზე ჩასატარებელი ექსპერიმენტია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულად უნდა კვალიფიცირდეს. მოდით, ვნახოთ, რა ხდება დღეს: თქვენი ტელეფონი განუწყვეტლივ აგზავნის ელექტომაგნიტურ რადიაციულ სიგნალს. მეცნიერება აჩვენებს, რომ ეს იწვევს დნმ-ს დაზიანებას, სიმსივნეს და სხვ." - ვისმენთ მედიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

RT ირწმუნება, რომ "რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის".

5G ტექნოლოგიის სიხშირე, ცხადია, უფრო მაღალია წინამორბედთან შედარებით, რის გამოც უფრო სწრაფად მუშაობს. რაც მაღალია სიხშირე, მით ნაკლებად აღწევს ადამიანის კანში და სხეულის შიდა ორგანოებზე, მათ შორის ტვინზე, გავლენას ამცირებს. ტემპლის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის რადიოლოგიის პროფესორის მარვინ ზისკინის თქმით კი, თუ 5G რაიმეს გამოსცემს, ის უფრო უსაფრთხო უნდა იყოს, ვიდრე წინა თაობის ქსელი.

5G ტექნოლოგიის ერთერთი ლიდერი ჩინური Huawei-ია. თუმცა აშშ-მა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ევროპის არაერთმა ქვეყანამ ჩინური ტელეკომუნიკაციის ფირმების მიერ 5G ტექნოლოგიების დანერგვა შეაჩერა, რადგან შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობა 5G ტექნოლოგიებს ინფორმაციის მოსაპარად იყენებს.

5G ტექნოლოგიების განვითარება აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, ევროპაში და ჩინეთში უკვე დაიწყეს.

კომენტარები