მერია: დარბევამდე კალაძის განცხადება თავისუფლად შეიძლება გაფრთხილებად ჩაითვალოს

ტვ იმედი

თბილისის მერია ამბობს, რომ მათ არ ჰქონდათ ვალდებულება, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა დარბევის შესახებ გაეფრთხილებინათ, რადგან ორგანიზატორებმა მერიას 5 დღით ადრე არ შეატყობინეს, რომ აქციის გამართვას გეგმავდნენ. 

თუმცა, მათივე თქმით, კახა კალაძის მიერ დარბევამდე გაკეთებული განცხადეება მოსახლეობის გაფრთხილებად შეიძლება ჩაითვალოს. 

"თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეიძლება თავისუფლად ჩავთვალოთ, უფლებამოსილი წარმომადგენლის, უშუალოდ მერის მიერ მოსახლეობის გაფრთხილებად,"- ნათქვამია მერიის პასუხში.

რა თქვა კალაძემ 20 ივნისს, დარბევის დაწყებამდე: 

"პარლამენტთან მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი, პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე.

მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები.

პოლიცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად, მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას". 

20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ ანტირუსულ აქციაზე გასული ათასობით მოქალაქე რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. 

დარბევა მოულოდნელად დაიწყო - პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის პირობიდან, რომ დარბევა "ქართული ოცნების" ხელწერა არაა, ზუსტად 7 წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო და გაზი გაუშვა. 

აქციის დარბევამდე ხელისუფლებას მოქალაქეები არცერთხელ გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არ მოუწოდებია. 

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი წარმომადგენელი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა. ამ შემთხვევაში თბილისის მერია. 

კანონის მიხედვით, სწორედ კახა კალაძეს უნდა გაეფრთხილებინა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები დარბევის შესახებ და მათთვის დაშლისკენ მოეწოდებინა.

2011 წლის 26 მაისს პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია შუაღამით სპეცრაზმმა დაშალა. თუმცა, დარბევამდე თბილისის მერიამ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები. 

პირველი განცხადება მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებდნენ, აქცია სხვა ადგილას გადაეტანათ, რადგან 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს იქ აღლუმი უნდა ჩატარებულიყო. მოგვიანებით კი, თბილისის მერიამ "სახალხო კრების" ლიდერებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ მათ აქციის სხვა ადგილზე გადასატანად დრო 25 მაისის ღამის 12:00 საათამდე ჰქონდათ და დაშლისკენ მოუწოდა. 

კომენტარები