შსს

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც აქციაზე "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას აპირებდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით დაწყეებული გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, 1949 წელს დაბადებული გ.წ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას აპირებდა. 

"გადაუდებელი აუცილებლობით, ქალაქ თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

ბრალდებული დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა" - აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პარლამენტთან 20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქციის გამო დაიწყო.

კომენტარები