ზოიძე: უნდა დააკავონ პროვოკატორი ოპოზიციონერები და სპეცრაზმელები, ვინც დამიზნებით ისროდნენ

აიპრესი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20-21 ივნისის ღამეს "მოგერიების ბრძანება გასცა". ზოიძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ის გიორგი გახარიასგან მოითხოვს, დააკავოს როგორც "ოპოზიციონერი პროვოკატორები, რომლებმაც პარლამენტის აღებისკენ მოუწოდეს ადამიანებს", ისე ის სპეცრაზმელები, რომლებიც ადამიანებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით, ახალო მანძილიდან ესროდნენ. მან აღნიშნა, რომ სპეცრაზმს რეზინის გამოყენება შეუძლია, მაგრამ გარკვეულ პირობებში - 50-100 მეტრის მანძილიდან, როცა სხვა გამოსავალი არ აქვს.

"ერთი კადრია, როგორ უმიზნებს ერთი სპეცრაზმელი და როგორ აუკრავს მეორე სპეცრაზმელი ხელს. ვინც უმიზნებს, ის არის დამნაშავე, რომელმაც აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ასეთი ტიპის ადამიანები, რომლებისთვისაც, სახეზე ღიმილით შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა ადამიანი სიკვდილისთვის გაწიროს, ჩვენთვის ეს ადამიანი არ არის" - ამბობს ზოიძე.

ინგა გრიგოლიას კითხვას, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებზე "ნადირობა გამოცხადდა", აკაკი ზოიძემ მოვლენების ინტერპრეტაცია უწოდა.

"ნადირობა გამოცხადდა და ბრძანება იქნა გაცემული, რომ ენადირათ ადამიანებზე? კარგით ახლა, მე რომ მაგის მჯეროდეს, საერთოდ არ გელაპარაკებოდით აქედან და დიდი ხნის დატოვებული მექნებოდა ქართული ოცნების მანდატი. მე რაც ვიცი, ასეთი რაღაცა არ ყოფილა, ბრძანება იყო გაცემული მოგერიებაზე, თქვენ მანამდე კადრებიც გქონდათ გაშვებული, რა ხდებოდა, ქვებით, ხელკეტებით პოლიციელებზე თავდასხმა პროვოკატორების მიერ.

იმ უპასუხისმგებლო ადამიანებმა, პირდაპირ ვიტყოდი, გაწირეს ეს ახალგაზრდები. ხომ იცოდნენ ძალიან კარგად, რომ სპეცრაზმი იყო იქ, რომელიც არის სპეცსაშუალებებით იყვნენ შეიარაღებულები, და მაინც მოუწოდეს პარლამენტის აღებისკენ. მათ გაწირეს პირველ რიგში. ვინც მერე ესროლა [რეზინის ტყვიები], ისიც დასაჭერია და ისიც დასაჭერია, ვინც პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა" - ამბობს ზოიძე.

ინგა გრიგოლიამ ქართული ოცნების დეპუტატს შეახსენა, რომ უკვე გამთენიისას, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს მისდევდნენ სადარბაზოებამდე. კითხვაზე, ამ დროს ვის იგერიებდნენ, აკაკი ზოიძე პასუხობს, რომ "ისედაც მძაფრი და სავალალოა ის შედეგები, რაც მივიღეთ და არ სჭირდება კიდევ დრამატიზება. მე ვესაუბრე ამ ადამიანებს და, ვიცი, რას ნიშნავს ეს და ვიცი, რა გრძნობა ტრიალებს ჩემში". მისი შეფასებით, ყველამ, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, პასუხი უნდა აგოს.

"არის პოლიტიკრი პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარემ პოსტი დატოვა, შეიძლება, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყოს და არჩევნებზე კიდევ გამოჩნდება, როგორ ვაგებთ პასუხს ამ ყველაფრისთვს პოლიტიკურად.

მაგრამ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანების, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს. როცა მასობრივი არეულობაა, შეიძლება, ვიღაცას მოხვდეს, მაგრამ ამდენი ადამიანის დასახიჩრება ვერ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო იქ კანონის დარღვევა. იქ მოხდა კანონის დარღვევა, სასწრაფოდ უნდა დადგინდეს ეს დარღვევა, ვინ გააკეთა და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, უმკაცრესი პასუხისმგებლობა უნდა დაუყენოს იმ ადამიანებს, ვინც ეს გააკეთეს და გამოიკვლიოს ბოლომდე. ამის გარდა, ვინც მოუწოდა, იმ პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან მღვდელი გაპონები, ისინიც უნდა დაიჭირონ და ისინიც, ვინც დამიზნებით, ახლო მანძილიდან ესროდნენ ახალგაზრდებს, ორივე მხარე - ვინც გააგზავნა სასაკლაოზე და ვინც ესროდა" - ამბობს ზოიძე.

კითხვაზე, "გუნდი არ განიხილავს გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?", დეპუტატი პასუხობს - "პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუა, მთელი მთავრობაა მაშინ გადასაყენებელი და საერთოდ, არჩევნებით უნდა გადაგვირჩიონ და შესაძლოა, ესეც იყოს საბოლოო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მაგრამ მე ვლაპარაკობ, ვისი ბრალიცაა და ვინც უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ ადამიანებმა თვალი დაკარგეს და დასახიჩრდნენ, თორმ ეგრე ყველა უნდა წავიდეთ, ალბატონო ინგა.

მე თუ მკითხავთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალიან მალე დადგება ამ საკითხში. იმ მომენტში, ვინც იყო იქ პირდაპირ თუ ირიბად პასუხისმგებელი, რომ გავრილოვი დაბრძანდა იმ სკამზე, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარე და ის ადამიანი, ვინც მანდატი დატოვა, ეს მოხდა, ეს საკმარისია თუ არა, არჩევნები გამოაჩენს და შემდეგი დებატები, ამ კვირაშიც მათ შორის" - ამბობს ზოიძე და აღნიშნავს, რომ იყო თუ არა აქციის დაშლისთვის მხოლოდ წყლის ჭავლი საკმარისი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს,

"პოლიტიკურ პასუხისმგებლობას განვიხილავ ყველასას ერთად, არამხოლოდ შს მინისტრისას. მე რასაც ვთხოვ ბატონ გიორგის, დასაჯოს ის ადამიანები, იმიტომ, რომ მათი ადგილი არ არის იმ გმირი პოლიციელების გვერდით, ვინც მართლა თავისი სიცოცხლის რისკის ფასით იცავდნენ და გადაცდომა არ ჰქონიათ, ამ სატანების და სადისტების ადგილი არ უნდა იყოს, ეს არის ჩემი მოთხოვნა და ამის გარდა, უნდა დაიჭიროს ის ოპოზიციის წარმომადგენლები, დანარჩენი, იმის მერე რა მოხდება, ამაზე მერე ყველამ ერთად ვიმსჯელოთ" - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

20-21 ივნისის ღამეს, სპეცრაზმმა პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად - რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი - მათ შორის, ორმა დაკარგა თვალი, კიდევ ორი - მართვით სუნთქვაზე რჩება. აქციის მონაწილეების გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 სამართალდამცველი.

დარბევის შემდეგ, აქციის მონაწილეების მოთხოვნები გაიზარდა - დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას, მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

კომენტარები