ია მეტრეველი: როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა, სპეცრაზმს შეჭრა უნდა აღეკვეთა

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ეს ადამიანები.

"ყველა დარბევაზე ვარ ნამყოფი იმ ავბედით წლებში, 7 ნოემბრიდან დაწყებული, 26 მაისით დამთავრებული. მათი განსაკუთრებული სისასტიკე ჩემი ცხოვრებიდან არასოდეს ამოვა და ვისურვებ, რომ არასოდეს განმეორდეს ეს ჩვენს ქვეყანაში.

პატრიოტული გრძნობებით ხალხი შეიკრიბა რუსთაველზე და შემდეგ ჩვენ უკვე ვიხილეთ სულ სხვა სურათი. მათ ამოეფარნენ "ნაციონალები" და ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი წადილი აქვთ, რომ როგორმე ხელისუფლება დაამხონ, გადაატრიალონ და მოვიდნენ ისევ ხელისუფლებაში. მათ ეს ხალხი შეატოვეს სპეცრაზმს, პოლიციასაც და თვითონ სადღაც გაქრნენ. ის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ გადატრიალებაზე, ისინი ედგნენ სათავეში იმ არეულობას, რომელსაც იქ ვხედავდით.

ჩვენ მთელი ცხრა წელი ვიდექით ქუჩაში და მართლაც ფოთოლი არ ჩამოვარდნილა იმ მიტინგებზე, როცა ჩვენ ვაპროტესტებდით საშინელ სისხლიან რეჟიმს და ახლა იგივეს ვერ ვიტყოდი. ასეთი გავეშებული ხალხი დიდი ხანია, არ მინახავს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნამდვილად რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ითქვა კიდევაც, რომ რაღაც ნარკოტიკები იქნა დარიგებული. როგორ ექცეოდნენ ეს ადამიანები პოლიციას და როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა.

სპეცრაზმის გამოყვანა საჭირო იმიტომ გახდა, რომ მიდიოდა მოწოდება გადატრიალებაზე, პარლამენტში შეჭრაზე, რაც აუცილებლად უნდა აღკვეთილიყო. ჩემი პირადი მოთხოვნაა და არამარტო ჩემი, რომ დროულად იქნას გამოძიებული იმ პიროვნებების ქმედებები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ გადატრიალებას და რომლებსაც უნდოდათ პარლამენტში შეჭრა. თუ ეს არ მოხდება დროულად, გავალთ უკვე ქუჩაში“ - განაცხადა მეტრეველმა პირველი არხის ცნობით და იმედი გამოთქვამ, რომ სპეცრაზმელების ყველა ქმედებას გამოიძიებენ. 

"რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც ხდება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნამდვილად მძიმეა ამ ყველაფრის ხილვა. სპეცრაზმი უმიზნებდა და რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ზონდერები არიან შემორჩენილები. ასე მგონია მე და ამას დაადგენს გამოძიება, ესენი არიან სწორედ ის ზონდერები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სპეცრაზმში იყვნენ.

სააკაშვილი საუბრობდა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი იმ სპეცრაზმელთან. თვითონ ამბობდა, მე ვესაუბრე და ვუთხარი ხალხის გვერდით დამდგარიყვნენო. დადასტურდა ეს იმით, რომ რამდენიმე მათგანი ნამდვილად დამიზნებით ესროდა მოქალაქეებს და ეს არის გამოსაძიებელი“,- თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მეტრეველმა.

20-21 ივნისის აქციის დარბევისას, 160 ადამიანი დაშავდა, მათგან ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. აქციის მონაწილეების გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი.

კომენტარები