მელიას გირაო

ზარდიაშვილი: კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდნენ

გუშინ ოპონენტების შეხედულება ვიხილეთ, რომ დეპუტატები ნიკა მელიას აპატიმრებდნენ. ეს როგორც ყოველთვის ცილისწამებლური, სიცრუის კამპანია აღმოჩნდა. ხრიკებით შეეცადნენ, ნიკა მელია გმირად წარმოეჩინათ, დარბაზში მარტო დატოვეს. მთელმა საზოგადოებამ იცის, ნიკა მელია რისი მკადრებელია, როგორი მოძალადეა.

მოცემულობა შეიქმნა, როცა საქმე სასამართლოში წავიდა. პროკურატურის მოთხოვნა იყო პატიმრობა. 92 დეპუტატმა მხარი დაუჭირა იმას, რომ სასამართლოს ემსჯელა და პროკურატურას ემუშავა. სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ, რომ პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად სხვა ასპექტებზე არ უფიქრია და გადაწვეტილება მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არა, ამაზე მსჯელობა არ შეიძლება. ეს არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მელიას იმუნიტეტის მოხსნას დავუჭირე მხარი, ეს პროცესი მომწონს. მომწონს, რომ საქართველოში მუშაობს ახალი კონსტიტუცია, რისთვისაც მადლობას ირაკლი კობახიძეს და მმართველ გუნდს ვუხდი.

დღეს, აბსოლუტურად ახალ საქართველოში გავიღვიძეთ. დღეს სასაცილო ის იყო, რომ ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ისინი მზად იყვნენ დაეგმოთ სასამართლო, პარლამენტი და ეს პროცესი წარმოეჩინათ, როგორც მარგინალური პროცესი, მაგრამ დაბნეულები ვნახეთ, რომლებიც დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. ფსონებს აიღებდნენ, რომ სასამართლო ასიდან ას შემთხვევაში პატიმრობას გამოიყენებდა.

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პირველ არხთან საუბრისას. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა გუშინ პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოსთვის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიემართა. მომხრეებს შორის იყო ვანო ზარდიაშვილიც.

კომენტარები