ჰონგ-კონგი

ჯონსონი: მხარს ვუჭერ ჰონგ-კონგელ ხალხს, 'ერთი ქვეყანა - ორი სისტემა' გვერდით არ უნდა გადაიდოს

ბორის ჯონსონი
Reuters

ბორის ჯონსონმა ჰონგ-კონგელ ხალხს მხარი დაუჭირა და ჩინეთი გააფრთხილა, რომ "ერთი ქვეყანა - ორი სისტემა" გვერდით არ გადაედო.

ჯონსონმა თქვა, რომ ჰონგ-კონგელ ხალხს თავისი უფლებები აღელვებს და ის ფაქტი, რომ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიცია, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული და თვითნებური იყოს, რაც მათ უფლებებს დაარღვევს.

"ამიტომ დიახ, მე მათ მხარს ვუჭერ და მე სიხარულით ვისაუბრებ მათთვის და მხარს დავუჭერ. მე მინდა ვუთხრა პეკინს, რომ 'ერთმა ქვეყანამ - ორმა სისტემამ' იმუშავა, მუშაობს და გვერდით არ უნდა გადაიდოს" - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

თვის ბოლომდე ჯონსონი, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი თვის მანძილზე მანძილზე ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. 

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები