რუსთავი 2

სერგეი კალაშნიკოვი: რუსეთმა ქართველი ჟურნალისტის ხულიგნურ საქციელს არ უნდა უპასუხოს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრის სერგეი კალაშნიკოვის თქმით, რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინისათვის გინებაზე რუსეთს რეაგირება არ უნდა ჰქონდეს. 

კალაშნიკოვმა გაბუნიას საქციელს ხულიგნობა უწოდა და თქვა, რომ ეს მხოლოდ წამყვანის უკულტურობაზე მიანიშნებს.

"ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს არ უნდა უპასუხოს. მის მიმართ რაღაც ზომების განხილვა საჭირო არ არის. რეაგირება მის დონეზე დაშვებას ნიშნავს. ჩვენ ცოტა მტკივნეულად ვრეაგირებთ იმაზე, რომ ვიღაცამ ჩვენ ალმაცერად გადმოგვხედა, ან რომ ვიღაც იგინება. ეს მხოლოდ ამ პირების უკულტურობაზე მიანიშნებს. მაგრამ ამის გამო მთვარე დედამიწას არ დასცემია", - თქვა სერგეი კალაშნიკოვმა. 

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". 

 

კომენტარები