მოსკოვში ათასობით მომიტინგე აქციაზე "დაუშვი" ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებასა და თავისუფალ, სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს.
მომიტინგეები მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.
ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ გამოვიდნენ ქუჩაში და მხარი დაუჭირონ ისეთ ოპოზიციონერ კანდიდატებს, როგორებიც არიან ილია იაშინი, ლუბოვ სობოლი, დმიტრი გუდკოვი.
White Counter Project-ის ინფორმაციით ადგილობრივი დროით დღის 3:30 საათზე აქციას 20 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
მოსკოვში ოპოზიციონერი კანდიდატების დისკვალიფიკაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეშვიდე დღეა იმართება.
კანდიდატებს, რომლებსაც სექტემბერში ჩანიშნულ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ 6 ივლისის ჩათვლით 4 500 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. ხელმოწერების შესაგროვებლად ისინი რამდენიმე კვირა კამპანიას აწარმოებდნენ. საარჩევნო კომისიაში მიტანილ ხელმოწერებზე კი მათ განუცხადეს, რომ ხელმოწერათა დიდი ნაწილი არავალიდური იყო - სახელები, მისამართები, პასპორტის დეტალები არასწორი იყო.
14 ივლისს პოლიციამ ძალადობრივად დაარბია მომიტინგეები, რომლებიც კანდიდატებთან კომისიის ხელმძღვანელის გორბუნოვის პირადად შეხვედრას ითხოვდნენ. მოსკოვის საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ 25 მომიტინგე დააკავა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა და ოპოზიციის კანდიდატებმა მხარდამჭერებს მჯდომარე პროტესტის დაწყებისკენ მოუწოდეს.