უკრაინა

სააკაშვილი უკრაინის არჩევნების შედეგზე: ჩემი სამიზნე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი სამიზნე თავიდანვე შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იყო. სააკაშვილმა უკრაინის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაფასა და თქვა, რომ მას კამპანიისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდა. 

"ბოლო დღეები ჩვენ ჩავატარეთ იმის კამპანია, რომ ჩვენ მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა ორ კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა სადღაც 3 პროცენტზე მეტი, მაგრამ ვერ ვქაჩავდით 5-პროცენტიან ბარიერს, ფაქტი იყო და ეს სამივე პროცენტი იჯდა პრეზიდენტ ზელენსკის პროცენტზე. ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე და მე ვფიქრობ, ამ გზაზე მივდივართ კარგად" - თქვა სააკაშვილმა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიამ Рух нових сил ხმათა 0.4% დააგროვა. სააკაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, პარტიული სიით მხარი დაეჭირათ ზელენსკის პარტიისთვის, ხოლო მაჟორიტარებად მისი პარტიის კანდიდატები აერჩიათ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ Слуга народа - ეგზიტპოლების მიხედვით ვერხოვნა რადას არჩევნებში 43,9% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. 

მეორე ადგილზე პრორუსული პარტია Оппозиционная платформа იკავებს - 11,5%.

რადას არჩევნები შერეული სისტემით მიმდინარეობდა. პარლამენტის ნახევარი პარტიული სიით აირჩეოდა, ხოლო ნახევარი მაჟორიტარული წესით, სწორედ ამიტომ, ეკზიტპოლების შედეგები აჩვენებენ მხოლოდ პარლამენტის ნახევრის შესაძლო გადანაწილებას.

რადაში სულ ხუთი პარტია შევა.

კომენტარები