ხაზარაძის და ფაჯარიძის ბრალი

ხაზარაძის ადვოკატი: ეს ბრალის დადგენილება არის პროკურატურის დაცინვა

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე ბრალის დადგენილებას პროკურატურის დაცინვად აფასებს. 

"ბრალის დადგენილებას არაფერი არ აქვს საერთო ფულის გათეთრებასთან. ეს არის პროკურატურის დაცინვა და ძალიან ცუდია, რომ პროკურატურასა და იმ კვალიფიციურ გამომძიებლებს, რომლებიც პროკურატურას ჰყავს, ასეთი ფორმით გამოაქვთ, საბოლოო ჯამში, ეს დადგენილება,"- თქვა მან.  

კორძაძის თქმით, მუხლი, რომლითაც ბრალი არის წარდგენილი, არის ფულის გათეთრება, შემთხვევას კი, მისივე თქმით, არავითარი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს.   

"ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა, ასე წერია კოდექსში. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს TBC ბანკის ფული. ეს არის წარმოუდგენელი რამე. ჩვენ მტკიცებულებები გადმოგვეცა და ვნახავთ ამ მტკიცებულებებს. მუხლი, რომლითაც ბრალი არის წარდგენილი არის ფულის გათეთრება და არავითარი საერთო ამ შემთხვევას ფულის გათეთრებასთან არ აქვს,"- უთხრა მან ჟურნალისტებს ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ.  

პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. პროკურატურა ჯერ არ ამბობს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს უწყება. 

2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ კი მას და ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გაუგზავნა. 

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. 

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ხაზარაძე წერს, რომ "ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა." 

კომენტარები