პრეზიდენტი TBC-ზე: ვაკვირდები, ჩემი ანალიზები მაქვს, მაგრამ კომენტარის გაკეთება ჩარევა იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალდების წარდგენაზე კომენტარის გაკეთება "საქმეში ჩარევა" იქნება, რისი უფლებაც, მისი თქმით, პრეზიდენტს არ აქვს.

"ბრალდება წაეყენათ გუშინ, თუ არ ვცდები, მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, თუნდაც არასამთავრობოები, ამაზე თავიანთ შეხედულებებს გააჟღერებენ, მე ვარ გათვითცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის, მე ამას ვაკვირდები, ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი და ეს კარგად უნდა გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ის კი არა კომპეტენცია, ნუ შეგეშლებათ, უფლება არ აქვს, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავის შეხედულება. სანამ პროკურატურა და სასამართლოა ჩართული, პრეზიდენტის კომენტარის გაკეთება არის უშუალოდ ჩარევა" - ამბობს ზურაბიშვილი.

პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი 25 ივლისს წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. პროკურატურა ჯერ არ ამბობს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს უწყება. 

2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ კი მას და ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გაუგზავნა. 

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. 

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ხაზარაძე წერს, რომ "ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა." 

კომენტარები