საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი - 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. დააკავეს.
"გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად
ამოიღო", - აღნიშნავენ უწყებაში.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულ ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი MDMA და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.