რაინეარი საქართელოში

კანდელაკი: მივესალმებით "რაინეართან" კონტრაქტის თუნდაც 6 წლის დაგვიანებით გაფორმებას

პარტია ევროპული საქართველოს წევრი და ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად ჩამოყალიბების კონცეფციის ავტორი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა. კანდელაკის თქმით, "რაინეარს" ფრენა საქართველოდან ჯერ კიდევ 2013 წლიდან უნდა დაეწყო. კანდელაკი ამბობს, რომ ქუთაისის აეროპორტის რეკონტრუქცია - რაც ქართული ოცნების მთავრობამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა - სწორედ „რაინეარისთვის“ მოხდა.

„მივესალმებით დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ფლაგმანის, ავიაკომპანია რაინეართან კონტრაქტის თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას. საზოგადოებას ახსოვს რომ ქუთაისის აეროპორტის რეკონტრუქცია - რაც ქართული ოცნების მთავრობამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა - სწორედ „რაინეარისთვის“ მოხდა, რომელსაც ფრენა 2013 წლიდან უნდა დაეწყო. ქუთაისის აეროპორტი, რომლმაც ფრენა მრავალი ჩვენი თანამოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადა და ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი ხეირი მოუტანა დაგეგმილ სიმძლავრეს - წელიწადში ორ მილიონ მგზავრს - ბევრად ჩამორჩება. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი დაარწმუნებს მთავრობას რომ რესურსები და ძალისხმევა არა ოკუპანტი ქვეყნიდან დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების და ამ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არამედ ევროკავშირიდან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე რა საქმეშიც თვისობრივი ნახტომის გაკეთება „რაინეარის“ გარეშე წარმოუდგენელია, - თქვა კანდელაკმა. 

კანდელაკის თქმითვე, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართეობის სამუშაოებს, რის გარეშეც ახალი რეისების დამატება შეუძლებელია, ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს და იმედი გამოთქვა რომ აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე უახლოეს მომავალში გავა.

„ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილ სიმძლავრეზე გასვლა ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთზე ტურიზმში დამოკიდებულების სრულიად განეიტრალებას, არამედ საქართველოს და პირველ რიგში დასავლეთ საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზულ ნახტომს,“ - თქვა მან.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair თბილისი-მილანის რეისს 2019 წლის ნოემბრიდან შეასრულებს. ოფიციალურ საიტზე პირველი ფრენის თარიღად 6 ნოემბერია მითითებული. რეისები თბილისიდან მილანის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ შესრულდება. 1 გზის ფასი 20 ევროდან იწყება.

კომენტარები