რუსული ოკუპაცია

გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი ჩორჩანაზე: მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდებთ

paruluniversity

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, მან დაძაბულობის მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„ვაფასებთ #EUMM-ის ძალისხმევას, ხელი შეეწყო გუშინ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის გამართვისთვის და მხარეებს დიალოგის გასაგრძელებლად მზადყოფნის გამოხატვისკენ მოვუწოდებთ, ვინაიდან ჩორჩანასთან არსებული დაძაბულობის მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,- წერს მიხაელ ზიბერტი თავის ტვიტერზე.

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები