სამთვრობო ცვლილებები

ენმ-მ გახარიას მოსმენამდე დარბაზში სიმღერა "გახარიას უხარია" გაუშვა - VIDEO

პარლამენტი

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში, სადაც ფრაქცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კითხვებს უსვამს, სიმღერა "გახარიას უხარია" გაუშვა. 

„რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ აგო ამ დანაშაულისთვის ხელისუფლებიდან პასუხი. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ განსასჯელის სკამზე, ისინი მთავრობაში გვევლინებიან. და საერთოდ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რატომ მიდის საქართველო პოლიციური სახელმწიფოს გზით?!

20 ივნისის შემდეგ დაიწყო რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. მელია შიდა პატიმრობაშია, არ აძლევთ კონსტიტუციურ უფლებას იმუშაოს პარლამენტში, ოქრუაშვილი დააკავეთ. გვარამიას მიმართ აღძარით სისხლის სამართლის საქმე. რუსთავი 2 დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის სათათბიროს დეპუტატების სანუკვარი ოცნება", - თქვა რომან გოცირიძემ. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა. 

კომენტარები