22 სექტემბერს სერიალ "FRIENDS"-ს 25 წელი შეუსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით დიზაინერმა რალფ ლორენმა და Bloomingdales-მა Warner Bros-თან თანამშრომლობით სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის, რეიჩელ გრინის, სტილით შთაგონებული კოლექცია გამოუშვეს.
კოლექციას Wear To Work ჰქვია. ათსეზონიან სერიალში ხუთი წელი რეიჩელ გრინი, რომელსაც ჯენიფერ ენისტონი განასახიერებს, სწორედ რალფ ლორენის კომპანიაში მუშაობს. რეიჩელი ჩაცმის საქმიანი სტილით ერთ-ერთი გამორჩეულია პერსონაჟებს შორის. საკულტო სერიალში მონაწილეობა თავად რალფ ლორენსაც აქვს მიღებული.
კოლექცია 90-იანების სტილს მოგვაგონებს, თუმცა მასში თანამედროვე ელემენტებიც არის შეტანილი. ის რეიჩელ გრინის საყვარელ ტყავის შარვლებსა და კაბებს, მინი ქვედაკაბებს და ზოლიან ტანისამოსს მოიცავს. სამოსის ფასი 120 დოლარიდან იწყება.
სერიალის პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გამოვიდა, უკანასკნელი კი 2004 წლის 6 მაისს. ის ექვსი ამერიკელი ახალგაზრდა, მხიარული მეგობრის ისტორიებს მოგვითხრობს.
იმის გაგებაში, თუ რამდენად კარგად გახსოვთ საკულტო სერიალი, ჩვენი ქვიზი დაგეხმარებათ.