ალანია: რაღაც დოზით მაინც უნდა მოხდეს მარიხუანის მოხმარების კონტროლი

პარლამენტი

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატის, თამარ ალანიას თქმით, მან კვლევებში წაიკითხა, რომ სინამდვილეში მარიხუანა ფსიქიკას დიდ ტრავმას აყენებს, ამიტომ კანონის ლიბერალიზაცია კარგია, მაგრამ მისი მოხმარების კონტროლი მაინც უნდა მოხდეს. 

ალანიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსმენენ. მან მარიხუანაზე აკაკი ზოიძის კითხვის პასუხად თქვა: 

"გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის რეალობა. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, ვსაუბრობ ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებაში. ერთ პერიოდში მომიწია ნარკოლოგების კვლევებთან და სამეცნიერო შრომებთან შეხება. რომელი ნარკოტიკი შეიძლება მივიჩნიოთ მსუბუქ ნარკოტიკად და შეიძლება თუ არა ლიბერალური იყოს მიდგომა ამ მიმართებით. 

საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომელიც მე ამოვიკითხე ამ კვლევებში, არის ის, რომ მარიხუანა არის ნაკლებად დამაზიანებელი. აღმოჩნდა, რომ ფსიქიკის ყველაზე მეტად მატრავმირებელი ყოფილა მარიხუანა და ორგანიზმიდან მის განდევნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რაც შემდგომში ბევრ საკითხზე ახდენს გავლენას. 

ამიტომ ცალსახად იმის თქმა, რომ ლეგალიზაცია არის კარგი - ლიბერალიზაცია კარგია კანონის, მაგრამ ესეც უნდა მოხდეს.. მოხმარებაც - რაღაც დოზით უნდა მოხდეს მისი კონტროლი, აუცილებელია, ნარკოლოგების და მედიცინის მუშაკების ჩართულობა ამ კუთხით. მარტო იურისტების და სამართლის ნორმების ლიბერალური მიდგომა ამ საკითხებისადმი არ მოუტანს სიკეთეს. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა". 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, 23 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატის მოსმენა დაიწყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

ვინ არის თამარ ალანია, ნახეთ ვრცლად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პორტფოლიოში

კომენტარები