ჟაკ შირაკი

სიმბოლური ნივთი, რომლითაც მაკრონმა ჟაკ შირაკს პატივი მიაგო

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალების შემდეგ, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც პატივი მიაგო შირაკს.

"დავკარგეთ ადამიანი, რომელიც ისე გვიყვარდა, როგორც თავად ვუყვარდით", - თქვა მაკრონმა, - "ჟაკ შირაკი დიდი, თავისუფალი ფრანგი იყო."

მაკრონმა მიმართვა სამუშაო მაგიდასთან, ელიზეის სასახლეში ჩაწერა. ფრანგულ მედიის ყურადღებას კი არ გამორჩენია სიმბოლური ნივთი, რომლითაც პრეზიდენტმა მაკრონმა პატივი მიაგო ჟაკ შირაკს.

მაკრონის თითქმის ცარიელ სამუშაო მაგიდაზე ერთადერთი ნივთი იდო - ბრინჯაოს ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი.

ფრანგული მედიის ცნობით, ეს საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, გენერალ შარლ დე გოლის პორტრეტი იყო, რომელიც ჟაკ შირაკმა ემანუელ მაკრონს 2017 წელს, გაპრეზიდენტებიდან ცოტა ხნის შემდეგ აჩუქა.

პორტრეტი შირაკის სამუშაო მაგიდას არასდროს ტოვებდა, იქნებოდა ეს პარიზის მერისა თუ საფრანგეთის პრეზიდენტის კაბინეტი.

მაკრონის გაპრეზიდენტებიდან მალევე, ჟაკ შირაკმა თავის ქალიშვილს სთხოვა, მაკრონისთვის ეს საჩუქარი გადაეცა. მაკრონი მას დაპირდა, რომ ნივთს "თავის ადგილას დააბრუნებდა."

შარლ დე გოლის ამ პორტერტს, ისევე როგორც მის ფიგურას, დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს - შირაკს ის შარკ დე გოლის "მემკვიდრემ", მეხუთე რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტმა, ჟორჟ პომპიდუმ გადასცა. თავად შირაკიც გოლისტური ტრადიციის გამგრძელებელ პოლიტიკოსად ითვლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ მაკრონი ტრადიციული ფრანგული მემარჯვენე "გოლისტური" კურსის გამგრძელებელი არაა, შირაკმა ამ ჟესტით რესპუბლიკური ტრადიციის უწყვეტობას გაუსვა ხაზი.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 26 სექტემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას პრეზიდენტის პოსტი 1995-დან 2007 წლამდე ეკავა. შირაკი ასევე ორჯერ იყო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე - პირველად 1974-1976, ხოლო მეორედ 1986-1988 წლებში. 1977-დან 1995 წლამდე ის აგრეთვე პარიზის მერადაც იყო არჩეული.

 

 

კომენტარები