ლავროვის და ზალკალიანის შეხვედრა

თალაკვაძე: არ დავუშვებთ, ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომის დაშვებას დეოკუპაციის კუთხით

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

"საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საქართველო ნებისმიერ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული," - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება. თალაკვაძის თქმით, ქართული მხარის პოზიციაა, რომ დეოკუპაცია მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკით, მშვიდობიანი გზითა და საქართველოს პოზიციების პრინციპული დაცვით შეიძლება განხორციელდეს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია - რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ ჩვენი პოზიციების პრინციპულად დაცვით არის შესაძლებელი, რომ მომავალში ეს პროცესი განვითარდეს, დაფიქსირებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს წარმოადგენდა," - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძე ამბობს, რომ რუსეთთან და ოკუპაციასთან მიმართებაში, ხელისუფლებას პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა აქვს და არ დაუშვებენ, რომ საქართველო რამე პროვოკაციაში იქნეს ჩათრეული

"არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის მიმართულებით. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან - დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ასე იყოს მომავალშიც და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერ შეხვედრაზე, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენი გზავნილი და პოზიცია იქნება იგივე - საქართველო მშვიდობიანი გზით, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, თავისი ეროვნული ინტერესების დაცვით, მონაწილეობს ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული," - თქვა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ქართულმა მხარემ ლავროვთან შეხვედრამდე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიარა. 

"გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგოამრეობასთან,"- ამბობს ზალკალიანი. 

რუსული გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანი და ლავროვი ერთმანეთს ქართული მხარის მოთხოვნით შეხვდნენ. 

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმენათს 2008 წლის ომის შემდეგ არ შეხვედრიან. 

 

კომენტარები