მასწავლებლების ხელფასები

მაჭავარიანი: მასწავლებლების ხელფასები 2019-2020 წლებში ჯამში 300 ლარით გაიზრდება

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ მასწავლებლების ხელფასი 2019-2020 წლებში ჯამში 300 ლარით გაიზრდება. 

მაჭავარიანის თქმით, ხელფასების ზრდა პირველ ეტაპზე 1 ოქტომბრიდან დაიწყება, შემდეგი ზრდა კი მომავალი წლისთვის ხელფასების 150 ლარით ზრდას ითვალისწინებს. 

"ამას გარდა, თუ გავითვალისწინებთ იმ რეფორმას, რომელიც განათლების სფეროში მიმდინარეობს, მასწავლებლებისთვის კიდევ იძლევა საშუალებას, საათების გაზრდის შედეგად, მოხდეს ხელფასის ზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტურად 400-ლარიან მეტ ზრდას მიიღებს,"- ამბობს მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ხელფასები გაეზრდებათ ასევე ბაღის პედაგოგებსაც. მინისტრის თქმით, მათთვის ხელფასის 100-ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული. 

"აღსანიშნავია, რომ ეს არ მომხდარა წლების განმავლობაში. ბაღებში, ასევე, გააგრძელდება გაუმჯობესდება რეაბილიტაციის კუთხითაც. განათლების ინფრასტრუქტურაში კაპიტალური დანახარჯები შეადგენს, დაახლოებით, 280 მილიონ ლარს. აქ საუბარია 26-27 ახალ სკოლაზე, ასევე, მოხდება რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაცია და რემონტი."- ამბობს ივანე მაჭავარიანი. 

ამის შესახებ მაჭავარიანმა 30 სექტემბერს მთავრობის რიგგარეშე სხდომის შემდეგ ისაუბრა. სხდომა მომავალი წლის ბიუჯეტს შეეხებოდა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარი იქნება. ბიუჯეტის პროექტით იზრდება ბიუჯეტის ხარჯების ნაწილიც, ზრდა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 საქართველოში 5%-იან ზრდას ვარაუდობენ.

კომენტარები