დაკავებული ადვოკატი

შსს: ოტიაშვილმა მისი ორი კლიენტის ცრუ ჩვენება დაადასტურა, სამივე მათგანი დაკავებულია

Imedinews

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში ცრუ დასმენის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. 

დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საუბარია ადვოკატ ნაირა ოტიაშვილზე, რომელსაც ბრალს ოფიციალურად დღეს, 2 ოქტომბერს, წარუდგენენ. 

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა, ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა ოტიაშვილმა.

გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაირა ოტიაშვილი თემქაზე მოკლული 20 წლის ა.ნ-ს მკვლელობაში მსჯავრდებულის, ლ.გ-ს ინტერესებს იცავდა. მსჯავრდებულს პროკურატურა განზრახ მკვლელობას, გამოძალვას და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვას და გავრცელებას ედავებოდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სრულად გაითვალისწინა და მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები