უცხოურ მედიაში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებენ. Associated Press, New York Times, Washington Post, Bloomberg, abc და სხვა გამოცემები წერენ, რომ დაპირებული საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდა.
"ქართულმა ოცნებამ, რომელიც ქვეყნის პოლიტიკაში დომინირებს და საკანონმდებლო ორგანოსი უმრავლესობას ფლობს, კონსტიტუციური ცვლილებების პირობა დადო, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებით მომავალ წელს ადგილები პარტიის მიერ მიღებული პროცენტების მიხედვით გადანაწილდებოდა. დაპირებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ზაფხულში გამართული აქციების ჩაცხრობაში, თუმცა ქართული ოცნების ბევრმა კანონმდებელმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა."
"დემონსტრანტებმა დედაქალაქის მთავარი ქუჩა გადაკეტეს და კარვები დადგეს. ისინი პირობას დებენ, რომ პარლამენტში არავის შეუშვებენ."
Reuters-ის მიხედვით თბილისის ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 20,000-მდე ადამიანი გამოვიდა. France 24-ის მიხედვით კი კვირას პარლამენტის შენობასთან 20,000-ზე მეტი ადამიანი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ანტი-სამთავრობო აქციაზე შეიკრიბა.
"საარჩევნო კანონის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას 12 ხმა დააკლდა, რადგან მმართველი ქართული ოცნების პარლამენტარები, რომლებიც შიშობდნენ, რომ საკუთარ სკამებს დაკარგავდნენ, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს." წერს Reuters-ი.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელები ბოქლომებით ჩაკეტეს, კარვები გაშალეს და გამოფინეს პლაკატები წარწერით "ერთად ერთის წინააღმდეგ".
France 24 და Yahoo News კი წერენ, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს:
"აშშ და ევროკავშირი გამოხატავენ სოლიდარობას საქართველოში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ, რომლებიც ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც მმართველმა პარტიამ დაპირებული საარჩევნო რეფორმიდან უკან დაიხია.
ერთობლივ განცხადებაში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები წერენ, რომ აცნობიერებენ საქართველოს საზოგადოების ფართო სეგმენტის უკმაყოფილებას პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო, რომელიც საჭირო იყო 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.
"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას" ნათქვამია მისიის განცხადებაში."
"კრიტიკოსები ივანიშვილს პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კრიტიკული მედიის ჩახშობაში და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის შექმნაში ადანაშაულებენ, რომელშიც მისი პირადი ინტერესები მთავრობის გადაწყვეტილებებზე დომინირებს." წერენ გამოცემები.
შეგახსენებთ, რომ სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.
გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ.
პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მათი ინფორმაციით, რუსთაველზე აქციაზე 5 500-მდე ადამიანი გამოვიდა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას მხარი დაუჭირეს და მთავრობას მისაღები გზის გადაუდებლად გამონახვისაკენ მოუწოდეს.