პროპორციული არჩევნები

აქციის დაშლისას დაკავებულების საქმეზე მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აქციის დაშლისას დაკავებული 8 პირის საქმეზე მოსამართლის აცილების შესახებ.

დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას იმიტომ ითხოვდა, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მოსამართლეს აწერია 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული ყველა პირის საქმე. მან უკვე გადადო ორი პროცესი, სადაც დაკავებული ექვს-ექვსი აქტივისტის ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავდა.

წესით, ორივე პროცესი ამ დროისთვის განახლებული უნდა იყოს, თუმცა, მოსამართლემ სხვა აქტივისტების პროცესი ჩანიშნა. 

დაკავებულები სასამართლო პროცესზე ამბობენ, რომ ისინი აქციის დაშლის დროს უკანონოდ დააკავეს.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები