"ჩვენი პარტნიორები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, NDI, IRI და სხვა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ორგანიზაციები დემოკრატიის გაძლიერებაში ეხმარებიან საქართველოს" - ასე ეხმაურება USAID Georgia ბოლო დროს მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და ოცნების სხვა წარმომადგენლების ნეგატიურ შეფასებებს NDI-სა და IRI-ის, ასევე სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
"ჩვენ ვამაყობთ იმ იმნიშვნელოვანი საქმით, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ" - წერს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში Twitter-ზე.
შეგახსენებთ ყველა იმ ფრაზას, რომლებიც ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში გააჟღერა ტელეკომპანია იმედზე:
„ნაცების მიერ მართული ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს... სამწუხარო რეალობაა და იგივე ხდება NDI და IRI-ის კვლევებში“,
„დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“,
„დაჟინებით მიდის ამ კვლევებში აშკარა ტენდენციურობა“,
„...ეს შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში და ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ - ეს თუ ცუდია, შეიძლება მთლიანად ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც რაღაცას ისეთს არ აკეთებს...“,
„ამ ფონზე ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებს ეს ენჯეოები ან მსგავსი კვლევები...“,
„აბა ნახეთ, ვინ აკეთებს ველს- CRRC და მეორეს, არ ვიცი, რა ჰქვია... „ნაცების“ მიერ დაფუძნებული...“,
„საზოგადოებას უკვე ეზიზღება... საზოგადოებას აგრესია აქვს უკვე ამ ტიპის NGO-ებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირ სატელიტები არიან „ნაციონალური მოძრაობის“,
„ენჯეოებიც ამათთან პარალელში მიდიან და შემთხვევით არა აქვს აგრესია ხალხს მათზე“.