მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის საქმე

შსს: მოზარდის სუიციდის მცდელობის საქმეზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნის საქმის გამო, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება, საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, შეუჩერდათ. როგორც უწყების განცხადებაში წერია, უფლებამოსილების მათივე ინიციატივით შეუჩერდათ.

"საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს," - წერია უწყების განცხადებაში. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ამჟამად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

საიას ცნობით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა. მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე კითხავდნენ. მთავარი არხის ინფორმაციით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.

კომენტარები